IRI-მ ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნა

IRI-მ ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნა

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI) ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში სადამკვირვებლო მისია გამოაგზავნა.

არჩევნების მონიტორინგის მიზნით 14 გრძელვადიანი დამკვირვებელი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მისიის წარმომადგენლები თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ შეხვედრებს მართავენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას IRI-ს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ანდრეა ქერბსმა განუცხადა, გრძელვადიანი დამკვირვებლები წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდებიან. ისინი შეხვდებიან კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს. დაესწრებიან შეხვედრებს ამომრჩევლებთან, შეაფასებენ არჩევნების მიმდინარეობას წინასაარჩევნო პერიოდში.

მისივე ინფორმაციით, არჩევნების დღისთვის საქართველოში IRI-ს დაახლოებით 30 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჩამოვა, რომლებიც არჩევნების დღეს დააკვირდებიან.

ამასთან, საერთაშორისო რესპიბლიკურ ინსტიტუტს ექნება წინასაარჩევნო ორი ანგარიში, არჩევნების შემდეგ კი არჩევნების შეფასების განცხადება და საბოლოო ანგარიში.

დამკვირვებლები დღეს სასტუმრო „რედისონში“ ცესკო-ს აუდიტის სამსახურის და უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაიმართება ხვალაც. 30 ივლისს კი გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოს რეგიონებში გაემგზავრებიან.

მონიტორინგის არეალია თბილისი, სამეგრელო, აჭარა, გურია, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა- მთიანეთი.