მთავარი პროკურატურა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანგარიშს პასუხობს.
როგორც ცნობილია, ანგარიში შეეხებოდა პროკურატურის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით", საქართველოს პროკურატურას სურს განმარტოს, რომ 2008 წლიდან დღემდე პერიოდში, პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები) შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა.
გამოქვეყნებული ანგარიშის "შრომის ანაზღაურების" თავში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროკურატურა განმარტავს, რომ შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები) შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე, არამედ, ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით, რაც არ არის ნაჩვენები შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასთან მიმართებაში.
პროკურატურის განმარტებით, ეს საზოგადოების მიერ ინფორმაციის არასწორად აღქმასა და შეცდომაში შეყვანას იწვევს.
კერძოდ, უწყების განცხადებით, 2011 წელს, პროკურატურის მუშაკთა საშუალო რაოდენობა იყო 626 თანამშრომელი, 2015 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 814 თანამშრომელს. ამასთან, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა განაპირობა პროკურორთა სამუშაო დატვირთვის მატებამ, რაც გამოიწვია მიმდინარე საქმეებთან ერთად, ათასობით მოქალაქეთა საჩივრებმა ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტებზე წარმოებულმა არა ერთმა რეზონანსულმა გამოძიებამ, ასევე პროკურატურაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა საჭიროებებმა.
"კერძოდ, პროკურატურის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, 2015 წელს, შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ასევე, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების სამმართველო, ასევე, ჩამოყალიბდა პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და პროგრამული მხარდაჭერის ცენტრი", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.