თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ათობით ადგილობრივი მედიასაშუალება, მათ შორის, 3 საინფორმაციო სააგენტო, 16 ტელეარხი და 45 ყოველდღიური გაზეთი დახურეს.
ტელეკომპანია CNN Turk-ის ინფორმაციით, ჯამში, 130 ადგილობრივი მედიასაშუალება დაიხურა.
გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თურქეთის პოლიციამ 47 ჟურნალისტი დააკავა.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლდა 1 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 149 გენერალი და ადმირალი.
თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 15 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებიდან 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2000-ზე მეტი დაშავდა.
ამ დრომდე, ქვეყანაში 60 ათასი სამხედრო, სახელმწიფო მოხელე, მოსამართლე და მასწავლებელია დაპატიმრებული ან დროებით დაკავებული.
გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით, თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დროებით შეჩერდა ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.