„ბილტმორ თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონია რუსთაველის გამზირზე, 31 ივლისს დაუვიწყარ სანახაობას მოიცავს: ულამაზესი ფეიერვერკების ფონზე, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტს გამართავენ.
გალა „ბილტმორ თბილისის“ მფლობელ „დაბი ჯგუფის“ და „ტერა ბანკის“ ორგანიზებით იმართება და 5,000 ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ელოდება.
„ბილტმორი“ ლუქს-კლასის სასტუმროების მარკაა, რომელიც „ბილტმორ თბილისის“ სახით, საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის.
„ბილტმორ თბილისის“ საზეიმო გახსნას, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი ნაიან ბინ მუბარაკ ალ ნაიანი დაესწრებიან, ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებთან, საპატიო სტუმრებთან, ვარსკვლავებთან, ჟურნალისტებთან და საამიროებიდან ჩამოსულ ბიზნესმენების დელეგაციასთან ერთად.
რუსთაველის გამზირზე სპეციალურად ამ დღისთვის გრანდიოზული სცენა დააპროექტეს. კონცერტის პროგრამა საქართველოს, როგორც ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის შემაერთებელი ხიდის სიმბოლიზმს ატარებს და სტრატეგიული მდებარეობის აღსანიშნავად, ტრადიციული კავკასიური მუსიკის და ცეკვის არაბულ მოტივებთან შერწყმითაა შედგენილი. მაყურებლის წინაშე, უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, სალიო, კახაბერი და ხანუმები , „რუსთავის“ სახელმწიფო ანსამბლი წარდგებიან. კონცერტის კულმინაციის ნაწილში გრანდიოზული ფოიერვერკი და სასტუმროს ფასადზე პროექცირებული 3D შოუ გაიმართება.
ქალაქის ისტორიულ ცენტრში — რუსთაველის გამზირზე მდებარე „ბილტმორ თბილისს“ მთლიანობაში 214 დახვეწილი, მდიდრული ნომერი აქვს. არქიტექტურა და დიზაინი ქართული ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმითაა შექმნილი, რომლებიც საბოლოოდ ქალაქის სულის და ისტორიის ამსახველ ნაგებობას ქმნის.