ეკა მიშველაძე მანანა კობახიძის განცხადებაზე - არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ

ეკა მიშველაძე მანანა კობახიძის განცხადებაზე - არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ სერიოზულად გიპასუხოთ

არ ვარ ისეთი ნასვამი, რომ ამ კითხვაზე ახლა სერიოზულად გიპასუხოთ, - ასე უპასუხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის მიერ ქვეყნის პირველ პირთან, გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით გუშინ გამოთქმულ შეფასებას.

კობახიძის მოსაზრებაზე, რომ პრეზიდენტს გუშინ გაკეთებული განცხადებებისას ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული, მედიამ მიშველაძეს კომენტარის გაკეთება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სთხოვა.

პარლამენტის ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს ბრიფინგის დროს ალკოჰოლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრებზე, ისევე როგორც მოსამართლეებზე, ზეწოლის მცდელობა იყო.

”დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ არ ვთქვი ეს ეკრანზე. პირველი, რაც ვიფიქრე ის იყო, რომ პრეზიდენტს ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.