პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამოძიების დასაწყებად პროკურატურისთვის უმაღლესი ხელისუფალის მითითება საჭირო არ უნდა იყოს

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამოძიების დასაწყებად პროკურატურისთვის უმაღლესი ხელისუფალის მითითება საჭირო არ უნდა იყოს

პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე საჭიროა გამოძიების დაწყება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ეკა მიშველაძის განმარტებით, გუშინ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოახსენა.

ამასთან, გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ეს არ იყო ზეწოლის პირველი შემთხვევა და მსგავს ფაქტს ადგილი წარსულშიც ჰქონდა.

”არც ძველ და არც ახალ საქმეებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და რეაგირება არ მოუხდენია. პრეზიდენტის აზრით, როდესაც ეს ყველაფერი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, როდესაც შესაბამისი ინსტიტუტები ადეკვატურ რეაგირებას არ და ვერ ახერხებენ, როდესაც არ არის არც ერთი საქმე გამოძიებული, როდესაც ვისმენთ, რომ თურმე საპროცესო გარიგებები ფორმდება პირებთან, ვინც წლების განმავლობაში ფარული მიყურადებითა და პირადი ცხოვრების კადრების გადაღებით იყვნენ დაკავებული, ეს ყველაფერი აჩენს უნდობლობას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი ხელისუფალის მითითება არ უნდა იყოს საჭირო პროკურატურისთვის, რომ მსგავს ფაქტებზე საჭიროა გამოძიების დაწყება. დიახ, ხდება ინსტიტუციების დისკრედიტაცია და უმოქმედობაა სწორედ ინსტიტუციების დისკრედიტაცია”, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ და ამის მაგალითად ამ დრომედე კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა მოიყვანა.