გამოძიება დაადგენს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დევნას, ზეწოლას, დანაშაულს, თუ ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, რომელიც პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.
“იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, კარგია, რომ პროკურატრურამ გამოძიება დაიწყო. ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურა მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას, თუკი ამ საქმეზე რაიმე არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. შესაბამისად, ყველა იმ პირმა, ვისაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია აქვს, საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს და მიაწოდოს სამხილები, მათ შორის მოსამართლეებმა და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, როცა მაღალი თანამდებობის პირებს შესაძლო დანაშაულის თაობაზე აქვთ ინფორმაცია, ის პროკურატურას უნდა მიაწოდონ და “პროკურატურას საჯარო თხოვნები და მიმართვები არ უნდა სჭირდებოდეს“. კობახიძის განცხადებით, მისთვის სწორედ ეს იყო გაუგებარი და მიუღებელი.
“სრულიად გაუგებარი იყო, ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რატომ არ იყო მოთხოვნილი რეაგირება სამართლებრივი პროცედურის სრული დაცვით და რატომ გაკეთდა ეს მას შემდეგ, რაც განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააჟღერა?! ეს შეუსაბამოა მაღალი თანამდებობის და პასუხისმგებლობის მქონე პირთა მხრიდან“, - აღნიშნა კობახიძემ.