პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჟურნალისტებს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის დარღვევაში ადანაშაულებს.
კობახიძემ დღეს მედიასთან უკმაყოფილება მისი იმ გამონათქვამების გავრცელების გამო გამოხატა, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა.
“ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არამიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“, - მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.