გია ვოლსკი:  იბადება კითხვა, რა თემაზე შეიძლება პრეზიდენტის დაშანტაჟება

გია ვოლსკი: იბადება კითხვა, რა თემაზე შეიძლება პრეზიდენტის დაშანტაჟება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტს შინაარსობრივად უფრო ღრმა ანალიზი მართებს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავის თანამდებობის შესაბამისი განცხადებები და ქმედებები უნდა აკეთოს და მისი მხრიდან, გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე უადგილო და აჟიტირებული განცხადება გაკეთდა.

"ეს იყო მისი თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადება. ჩხრეკას ვადასტურებ, მაგრამ პირველი კითხვა, რაც ამ თემაზე იბადება, არის ის, რა თემაზე შეიძლება პრეზიდენტზე შანტაჟი მოხდეს, რა შეიძლება ეს იყოს. ოპოზიციას კარგად ახსოვს, ჩხრეკის დროს, ფაქტების მოპოვება როგორ ხდებოდა. ამ ჩხრეკის შედეგად თუ არაფერი აღმოჩნდა, ხომ არ ისმის კითხვა, იქნებ წავიდა ის დრო, როდესაც ფაქტების მოპოვება ადვილი იყო და ყუმბარმტყორცნებს პოულობდნენ ბავშვების ლოგინში.

ვფიქრობ, პრეზიდენტი უფრო ფართოდ უნდა განიხილავდეს შექმნილ სიტუაციას. განსაკუთრებით მაშინ, თუ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება და მაშინ, როცა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იქნებ ამასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი" , - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაიწყო.