წელს, შარშანდელთან შედარებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 2-ჯერ მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

წელს, შარშანდელთან შედარებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 2-ჯერ მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

შარშანდელთან შედარებით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე წელს 2-ჯერ მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, 2012 წელთან შედარებით კი დღევანდელი მოცემულობა გაოთხმაგებულია, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა განაცხადეს.

პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი მონაცემები სკოლაში არსებულ ქაოსს და მოუწესრიგებელ სიტუაციას უკავშირდება.

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სტატისტიკა მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი. დღეს უკვე ნათელი გახდა რამ გამოიწვია ამ მონაცემების გასაიდუმლოება. წარუმატებელ მოსწავლეთა რაოდენობა ამ გამოცდების ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალია. მიგვაჩნია, რომ კატასტროფულად საგანგაშო შედეგები ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ქაოსურ, მოუწესრიგებელ სიტუაციას. სკოლებში საშუალო საფეხურზე ჩაშლილ სასწავლო პროცესსა და ფაქტიურად უმართავ პროცესებს, რის გამოც საბოლოოდ დაზარალდა 9 000-მდე მოსწავლე. მოვითხოვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, მინისტრისგან დაწვრილებით აუხსნას საზოგადოებას მიღებული შედეგების გამომწვევი მიზეზები. რამ გამოიწვია შედეგების მაჩვენებლის ასეთი კატასტროფული ზრდა და რატომ არის ეს მაჩვენებელი გაოთხმაგებული ეტაპობრივად 2012 წელთან შედარებით“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

როგორც მარიამ რამინაშვილმა განაცხადა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განათლების სამინისტროს არაერთხელ მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მასშტაბით საგაკვეთილო პროცესი სრულიად მოშლილი იყო და აუცილებლად საჭიროებდა განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა ყოველთვის მათი მხრიდან განცხადებები აღქმული იყო როგორც გადაჭარბებული და აცდენილი რეალურ სიტუაციას.

„2016 წლის გაზაფხულის გამოცდებზე 40181 მოსწავლე გავიდა. გამოცდების ორი ეტაპის შედეგად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სავალდებულო საგანში 8539-მა მოსწავლემ ვერ დაძლია. ეს რიცხვი შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია. 2012 წელთან მიმართებაში კი გაოთხმაგებულია. 2016 წელს ატესტატის გარეშე დარჩა მოსწავლეთა 21%. 2016 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე მონაწილე მოსწავლეებმა საშუალო საფეხურის სამივე ეტაპი მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასები გაიარეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში. საატესტატო გამოცდა ამოწმებს სწორედ ამ კლასებში საგაკვეთილო პროცესში საგნების მიხედვით მიღებულ ცოდნის რაოდენობას“, - განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.

პარტიაში აცხადებენ, რომ 2011 წელს, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ სახელდება, ამ შედეგების შესადარებლად ჩაჭრილთა რაოდენობა 17%-ს შეადგენდა, რაც სამინისტროს მიერ სწორად და გააზრებულად დაგეგმილი საქმიანობის შედეგად 2012 წელს შემცირდა 5%-მდე, 2014 წელს პარტიის ინფორმაციით, ჩაჭრილთა რაოდენობა 9% გახდა, 2015 წელს - 12%, ხოლო 2016 წელს - 21%.