საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 24-25 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება.

26 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა მომატებს, თუმცა 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოს რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. თვის ბოლომდე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს.

24-25 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. შიდა ქართლში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27-28 გრადუსი იქნება; ქვემო ქართლში - 29-31 გრადუსი; კახეთში - 31-33 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თუმცა 26-27 ივლისს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

28-29 ივლისს სინოპტიკოსები კახეთში სეტყვას ვარაუდობენ.

28-29 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.