ლერი ხაბელოვი - ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რიოში რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ

ლერი ხაბელოვი - ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რიოში რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ

ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა. როგორც ხაბელოვმა აღნიშნა, ქართველმა სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვეს რეკორდული რაოდენობის ოლიმპიური ლიცენზია. 

”შორეულ ბრაზილიაში შეჯამდება სპორტული ოთხწლეული, ჩვენი სპორტსმენების, მწვრთვნელების, სპორტული ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაო. ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ, 39 ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში. ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია თითოეულმა ჩვენმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, მზადყოფნაში შეხვდეს ოთხწლეულის ყველაზე დიდ შეჯიბრებას. ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ძალისხმევა, ამ წლების განმავლობაში იქითკენ იყო მიმართული, რომ მაღალ სპორტულ შედეგებზე ორიენტირენული ოლიმპიური გუნდი შეგვეკრა. ამისთვის არ დაგვიშურია არც ენერგია, არც მონდიომება და არც სახსრები და ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს სპორტსმენებს და მწვრთვნელებს მოსამზადებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნოდათ. ახლა ჯერი მათზეა”, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში 39 ქართველი სპორტსმენი სულ 13 ოლიმპიურ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. 
ბატუტზე ხტომაში საქართველოს ღირსებას ლუბა გოლოვინა დაიცავს. ბერძნულ რომაული ჭიდაობაში: შმაგი ბოლქვაძე, ზურაბ დათუნაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი, იაკობ ქაჯაია; თავისუფალ ჭიდაობაში: ვლადიმერ ხინჩაგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი, იაკობ მაქარაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი. 

კანოეში: ზაზა ნადირაძე. მშვილდოსნობაში: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟენიძე. მძლეოსნობაში: დავით ხარაზიშვილი, ბაჩანა ხორავა, ბენიკ აბრამიანი, ლაშა თორღვაძე, ვალენტინა ლიაშენკო. მხატვრულ ტანვარჯიშში: ხათუნა ფაჟავა. 

პირველად ისტორიაში, ერთ ოლიმპიურ დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს დედა-შვილი. კერძოდ, ტყვიის სროლაში საქართველოს ღირსებას ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი დაიცავენ. ფარიკაობაში: სანდრო ბაზაძე. ძალოსნობაში: ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე. ჩოგბურთში: ნიკოლოზ ბასილაშვილი.ცურვაში: ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი. 

ძიუდოში კი ოლიმპიური მედლების მოპოვებას ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი ეცდებიან. გოგონებში კი აღნიშნულ სახეობაში საქართველოს სახელით ესტერ სტამი გამოვა. 

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ სპორტსმენები ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებენ.