დავით უსუფაშვილი ნარკოტიკის მომხმარებელთან მიმართებაში დეკრიმინალიზაციის მომხრეა

დავით უსუფაშვილი ნარკოტიკის მომხმარებელთან მიმართებაში დეკრიმინალიზაციის მომხრეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნარკოტიკის მომხმარებელთან მიმართებაში დეკრიმინალიზაციის მომხრეა. ამის შესახებ უსუფაშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”ჩემი კითხვის” მაყურებლის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

”ნარკომანიასთან დაკავშირებულ საკითხზე როცა ვსაუბრობთ, იქ არის მომხმარებელი, გამსაღებელი, გამტანი, შემომტანი და ა.შ. ერთჯერადი მოხმარება, მრავალჯერადი და ა.შ. ნარკოპოლიტიკაზე როცა ვსაუბრობთ, საკმაოდ სიღრმეებში ვართ ჩასასვლელი. პირადად მე და ”რესპუბლიკური პარტიის” უმრავლესობა ვთვლით, რომ ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეს დიდი ხანია ასეა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოევლოს ამ საქმეს.

”მე რომ მკითხოთ ”ჰეროინის” შემოტანა და წამალდამოკიდებულება იმ დონეზე, რომ ადამიანები მერე მზად არიან ძალიან ბევრ უბედურებაზე წავიდნენ, ეს არის პრობლემა, რომელსაც უნდა მოვუაროთ, სამართლებრივი ჩარევითაც და სამედიცინოთიც, მაგრამ მსუბუქი ნარკოტიკის, თუ მარიხუანას მოხმარება, ჩემი აზრით, პრობლემა საერთოდ არ არის. იმას, რაც პრობლემა საერთოდ არ არის და არის ადამიანის არჩევანი, რომელიც არ ვნებს არც მის ჯანმრთელობას ან მის ოჯახს, რატომ უნდა ვებრძოლოთ სამართლებრივად”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ პირადად ის დეკრიმინალიზაციის მომხრეა, მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელთან დაკავშირებით.