„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს უკან, შევარდნაძისდროინდელ წარსულში, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ როგორც შეაფასებდა იმერეთში „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
„გუშინ წარდგენილი კანდიდატები ნათლად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებს“ ქვეყანა მიყავს უკან, შევარდნაძისდროინდელ წარსულში, თავისი პერსონებით, პრობლემებით და მენტალიტეტით, ხოლო ქვეყანას და ხალხს სჭირდება მომავალი. გუშინდელი სია ადასტურებს თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ და უნდა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მოუტანს მომავალს და არ დააბრუნებს იმ ეპოქაში, საიდანაც ძლივს დავაღწიეთ თავი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ის პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თავი უნდა დავაღწიოთ წარსულს, დავით ბაქრაძეს გუშინ წარდგენილი სახეების შემდეგ „აღნიშნული განცხადება არასერიოზულად“ ეჩვენება.
„გუშინდელი ანტურაჟი და სახეები იყო სრულიად წარსულის გაგრძელება, საიდანაც ქართველმა ხალხმა დიდი ძალისხმევით დააღწია თავი. უნდა ვიაროთ წინ, რადგან ქვეყანას სჭირდება მომავალზე ორიენტირებული ძალა და არა ის, რომელიც ქვეყანას შევარდნაძისდროინდელ ეპოქაში დააბრუნებს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ გუშინ წარდგენილ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი კობა ნარჩემაშვილია, რომელიც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შს მინისტრი იყო.