კვირის ბოლომდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგიერთ რაიონებში ძლიერი, კერძოდ, შავი ზღვისპირეთში და კოლხეთის დაბლობზე 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24-29 გრადუსი იქნება.
დღეს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი - 20-25 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 32-37 გრადუსამდე იქნება.
თბილისში დღეს წვიმიანი ამინდია, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 20-25 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა დღისით 35 გრადუსამდე იქნება.
საქართველოში ცვალებადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში - 34-36 გრადუსის ფარგლებში. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი წვიმა 22-23 ივლისაც არის მოსალოდნელი.