უილიამ კორტნი – თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას

უილიამ კორტნი – თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას

თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია აშშ-ის ყოფილ ელჩთან საქართველოსა და ყაზახეთში, ამჟამად კი ვაშინგტონში, "რენდის კორპორაციის" მკვლევართან უილიამ კორტნისთან. 

უილიამ კორტნი სტატიაში თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და პარალელს ავლებს მოსკოვის 1991 წლის პუტჩთან. კითხვაზე კი, თუ რა გავლენა ექნება მომხდარს რეგიონზე, აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას, როგორც ჩანს, სირიის საკითხთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

”შეერთებულ შტატებსა და ევროპას, როგორც ჩანს, სირიის საკითხთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ. დასავლეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი სტაბილური დემოკრატიის ქვეყანა იყოს. ვფიქრობ, დასავლეთი უფრო მეტ ძალისხმევას თურქეთის სტაბილურობისკენ მიმართავს და შედარებით ნაკლებ ინტერესს გამოიჩენს სირიის მიმართ. დასავლეთისთვის სირია არაა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თურქეთი. დასავლეთის, საქართველოსა და უკლებლივ ყველას ინტერესშია რეგიონში ძლიერი, სტაბილური, აყვავებული, დემოკრატიული თურქეთის ყოფნა”, - აცხადებს მკვლევარი უილიამ კორტნი. 

ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი შექმნილ სიტუაციაში ნატო-თურქეთისა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ საქართველომ თურქეთთნ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. 

”ნატო და მთლიანად დასავლეთი თურქეთის დამშვიდებას შეეცდებიან. ერდოღანმა თქვა, რომ მომხდარმა, ვციტირებ, „არმიის გაწმენდის“ შესაძლებლობა გააჩინა. ეს არაა პოლიტიკა, რომელსაც ერდოღანმა უნდა მისდიოს. მას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არა - უფრო მეტად გაყოფს. დამხობის მცდელობა ბევრწილად ერდოღანის შურისმაძიებლური მმართველობის შედეგია. ქვეყანა საზოგადოების გაყოფითა და შურისძიებით არ იმართება. ამ მეთოდმა არ იმუშავა ეგვიპტეში, როდესაც ხელისუფლებაში „მუსლიმთა საძმო“ მოვიდა. ეს მეთოდი ერდოღანისთვისაც უნაყოფოა. საკითხავია, ისწავლის თუ არა ერდოღანი გაკვეთილს და ეცდება თუ არა ნაკლებად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გატარებას, თუ პირიქით, გადაწყვეტს, რომ გაიმარჯვა - სინამდვილეში კი არ გაუმარჯვია - და შურს იძიებს: ბევრს დაიჭერს, ზოგიერთს მოაკვლევინებს კიდეც და უფრო მეტად გაყოფს ქვეყანას. ერდოღანმა ბორის ელცინისაგან უნდა ისწავლოს. 1991 წელს პუტჩის ლიდერებს დიდსულოვნად მოექცნენ. ამ ფაქტმა რუსეთს სტაბილურობა მოუტანა.

საქართველოს თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და უნდა შეინარჩუნოს ის. საქართველო, როგორც დასავლეთის ნაწილი, სტაბილური, დემოკრატიული თურქეთითაა დაინტერესებული. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამავე დროს, როგორც დასავლეთის ნაწილმა, უნდა მოუწოდოს თურქეთს, გაატაროს ქვეყნის, ხალხის გაერთიანების პოლიტიკა და საზოგადოების გაყოფასა და შეთქმულების ორგანიზატორთა მიმართ შურისძიებაზე უარი თქვას”, - განაცხადა უილიამ კორტნიმ.