საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას აზრით, თურქეთში ორი რადიკალურად განსხვავებული სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად მოხდება ნეგატიური შედეგების მინიმიზაცია.
როგორც ქუთელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ახლა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მმართველი გუნდის წინაშე დგას გამოწვევა, როგორც უპასუხებს განვითარებულ მოვლენებს - შიდა ძალისმიერი რეპრესიებით და ავტორიტარიზმის გამყარებით თუ პირიქით, უფრო მეტი გახსნილობით და ჩართულობით.
„რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო სამხედრო ამბოხის გამომწვევი, ასეთი კრიზისი ზოგადად ძალიან ცუდია რეგიონისთვის, ვინაიდან ეს შეიძლება, გადაზრდილიყო უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში. თურქეთის ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ქვეყანაზე და შესაბამისად, სამხედრო ძალით ან ნებისმიერი ძალისმიერი ფორმით ხელისუფლების ცვლილება ყოველთვის შემდგომ ტალღებს იწვევს, რომელიც ასევე ძალიან ცუდი იქნება რეგიონული სტაბილურობისთვის. მომხდარმა უკვე იქონია ცუდი შედეგი - ეს აისახება რეგიონულ ეკონომიკაზე, გარკვეულ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე როგორც თურქეთის შიგნით, ისე რეგიონში, ასევე, თურქეთის და ჩვენი მოკავშირეების - ამერიკის შეერთებული შტატების, ნატო-ს, ევროკავშირის პოლიტიკაზე, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად მოხდება ნეგატიური შედეგების მინიმიზაცია. აქ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თურქეთის მთავრობას, რა ფორმით მოახდენს რეაგირებას და რა ფორმით განახორციელებს შემდეგ შიდა პოლიტიკას, ეს იქნება შიდა ძალისმიერი რეპრესიები და უფრო ავტორიტარიზმის გამყარება თუ პირიქით, ამას უპასუხებს უფრო მეტი გახსნილობით, უფრო მეტი ჩართულობით. ეს უკვე არის გამოწვევა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის და მმართველი ელიტისთვის და ვნახოთ, ორი რადიკალურად განსხვავებული სცენარი შეიძლება წამოვიდგინოთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ქუთელიამ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას, ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ძალიან მალევე გაიმართა, ასევე, სასურველია პირდაპირი კონტაქტები საქართველოს და თურქეთის პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ბათუ ქუთელიას თქმით, ასევე, აუცილებელია კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან - ევროკავშირთან, ნატო-სთან და აშშ-სთან - რათა საქართველო მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, თუ თანმდევი საფრთხები გაჩნდება, მაგალითად, ტერორისტების მხრიდან თურქეთში შიდა არეულობით სარგებლობის შემთხვევაში.