შიდა პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველო იქნება მზად გააგრძელოს მისია იმ რაოდენობით, რაც დღეს ჩვენ გვყავს ავღანეთში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ვარშავაში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს.
”მტკიცე მხარდაჭერის” მისია გრძელდება ავღანეთში და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ შიდა პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველო იქნება მზად გააგრძელოს მისია იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც დღეს ჩვენ გვყავს ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები”, - განაცხადა იმერლიშვილმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი გადმოდგმული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ და შეიარაღებული ძალების გაძლიერებისკენ.
”მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამშრომლობის აბსოლუტურად სხვა ორბიტაზე გავდივართ - ეს იქნება არა მარტო თეორიული რჩევების მოცემა, ან გარკვეული მრჩეველთა ჯგუფების მონაწილეობა, არამედ სამხედრო-ტექნიკური დახმარება”, - განაცხადა კაპანაძემ.
”მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესკონფერენციამდე ნატო-ს წევრი ქვეყნები და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.