გიორგი კვირიკაშვილი - მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით

გიორგი კვირიკაშვილი - მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მოკლე დროში მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სტიქია საკმაოდ მასშტაბური იყო და მას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საკამოდ მძიმე შედეგებიც აქვს.

,,მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია. გზები არის წაღებული, ხიდები დანგრეულია. დახოცილია პირუტყვი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ და ვნახოთ რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ძალიან მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ. 

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა. პრემიერის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.