ნატო-ს მინისტრები იმედოვნებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

ნატო-ს მინისტრები იმედოვნებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური თავდაცვითი ინსტიტუტებისა და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალების მიმართულებით მიღწეული მდგრადი პროგრესი. მოკავშირე მინისტრებმა მოუწოდეს საქართველო რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ, რომლის მხარდაჭერასაც ნატო გააგრძელებს. ნატო-ს მინისტრებმა გამოთქვეს იმედი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

დოკუმენტის თანახმად, კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა გახდეს ნატო-ს წევრი, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მოკავშირეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დინამიკაზე. მან ასევე მოკავშირეებს გაუზიარა ინფორმაცია „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის“ ფარგლებში საქართველოს ჩართულობისა და ნდობის ამაღლების პოლიტიკაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი წევრი ქვეყნების მხარდაჭერისთვის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში მოკავშირეების მიერ შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის არსებითი პაკეტის მეშვეობით.

მიხეილ ჯანელიძემ დაადასტურა საქართველოს მზაობა წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული ყოვლისმომცველი რეფორმების გაგრძელებისადმი და მიესალმა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას, რამდენადაც ეს ფაქტი წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკისადმი ნატო-ს ერთგულების დადასტურებას.

მინისტრმა ასევე მადლიერება გამოხატა ნატო-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.