საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, დღეს ალიანსის პარტნიორი და წევრი ქვეყნები საქართველოს უყურებენ როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს და მზად არიან საქართველოს გვერდით დაუდგნენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
”ალიანსის წვერი ქვეყნები მზად არიან საქართველოს გვერდით დადგნენ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რათა საქართველო იყოს უფრო დაცული და საქართველომ გააგრძელოს ეს მნიშვნელოვანი პარტნიორობა ალიანსისთვის რეგიონში და საქართველო რაც შეიძლება მალე იყოს მზად იმისთვის, რომ გახდეს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ეს არის მაქსიმალური მონდომება და სურვილი ალიანსის მხრიდან, რათა იდგეს საქართველოს გვერდით და ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებასა და განვითარებას”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების განხილვისას, ნატოს უსაფრთხოების კონცეფციაში შავი ზღვაც მოხვდა.
”შესაბამისად, საქართველო, როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყანა, იქნება მონაწილე ამ სტრატეგიული განხილვების და კონცეფციის, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ხაზი მინდა გავუსვა, ყველა წევრის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის და ისინი აფასებენ ყველა იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის”, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.