დიდი იმედები გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ

დიდი იმედები გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ

დიდი იმედები გამოითქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სხდომის შემდეგ მიღებულია ერთობლივი დეკლარაცია, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, უპრეცედენტო ფაქტია ის, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა.

”დღეს ჩვენ ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა, პირველ რიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ყველა იმ ვალდებულებებისადმი, რომელიც აქვს ალიანსს საქართველოსთან მიმართებაში და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მხარდაჭერა 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე დაფიქსირდა სრული მზაობა. რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს, კიდევ უფრო გაფართოვდეს წევრი ქვეყნების დახმარება საქართველოს მიმართ პრაქტიკული ნაბიჯების განვითარების კუთხით, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვიუნარიანობა და მივაღწიოთ არამარტო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, არამედ ამან კიდევ უფრო ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ეს კონკრეტული ნაბიჯები არის იმპლემენტაცია იმ პაკეტის, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე არის ახალი ნაბიჯები”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახალი ნაბიჯები ეხება საჰაერო თავადცვის გაძლიერებას და ასევე სამხედრო ძალის შემდგომ განვითარებას ტრენინგებისა და სწავლების მიმართულებით.

”ეს ეხება ასევე ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის აფილირებას და ამისთვის სპეციალური ტრანსფონდის შექმნას, სადაც მოხდება ფინანსური ახალი კონტრიბუცია წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს ეხება სტრატეგიულ კომუნიკაციებში გაღრმავებულ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იქნება მიწვეული და ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიულ განხილვებში. ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით და იმ პროცესებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა აღდგეს ნდობა და იყოს შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ხაზი გაესვა ასევე საქართველოს წარმატებულ იმპლემენტაციას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აახლოვებს ნატოსთან. ძალიან დიდი იმედები გამოითქვა რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის გზაზე”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.