ნატო-ს მოკავშირეებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს

ნატო-ს მოკავშირეებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს

ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩებიან. ამ გადაწყვეტილების თანახმად საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა იქნება.

ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.

„მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც - შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

მოკავშირეები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასაახლოებლად, განაგრძოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ითვალისწინებს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partner) ფორმატი. ასევე გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ჩართულობა ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისევე, როგორც თავსებადობის პლატფორმაში.