საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უფასო სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშირებით კანონზე პრეზიდენის ვეტოს არ ელოდება.
როგორც ვოლსკიმ საკითხის კომენტირებისას განმარტა, კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში შესაძლოა ქაოსი შეიქმნას.
”მთავარი არის ის, რომ ყველას გონია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას ნაკლები დრო აქვს, ვიდრე იმ პარტიებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. ეს ასე არ არის. სწორედაც სამართლიანად განაწილდა. სამართლიანი განაწილების საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება ხარატიშვილის, პაატა დავითაიას, ბაჩუკი ქარდავას თუ ნინო ბურჯანაძის მიერ. ”ქართული ოცნება” დაიშალა და მასში შემავალი პარტიებიც დამოუკიდებლად მონაწილეობენ არჩევნებში, ამ შემთხვევაში ოპოზიცია საკითხს აყენებს ისე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, კოალიციაში შემავალმა პარტიებმა გადაინაწილონ ერთი სუბიექტის კუთვნილი მთლიანი დრო. ეს სამართლიანი არ არის, გამოდის, რომ კოალიციის მონაწილე პარტიებზე უნდა გადანაწილდეს სიტყვაზე ერთი წუთი და ცალკე ერთი წუთი უნდა ჰქონდეს რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას. რომელი უფრო უსამართლოა?” - განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ვეტოს არ ელოდება, რადგან ამაში სხვა საფრთხეც არის.
”ვეტოს შემთხვევაში მთლიანად კანონი უქმდება, ეს კანონი სხვა მიმართულებებსაც ითვალისწინებს. მე ეჭვი დამებადა, რაღაცა სხვა მუხლებს ხომ არ ეწინააღმდეგებიან და ამიტომ უნდათ კანონის გაუქმება. ეს ყველაფერი გამოიწვევს ქაოსს. რიგგარეშე სესია უნდა მოვიწვიოთ, უამრავმა ადამიანმა თავისი ცხოვრების საზაფხულო პერიოდი უკვე დაგეგმა. არ ვსაუბრობ პასუხისმგებლობაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველას აქვს, მაგრამ მოგვიწოდებენ, რომ კანონი გავაუქმოთ, შვეიკრიბოთ ახლიდან და დროის განაწილების თემას გადავხედოთ. მგონია, რომ ეს სამართლიანი არ არის”, - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. შესაბამისად, იმ პარტიათა რაოდენობა იზრდება, რომელთაც საარჩევნოდ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ და ეს დრო ყველა ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტზე გადანაწილდება. ამასთანავე, პროექტით არ იზრდება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა.