პროვოკაციული შეკითხვა ელჩისგან უფრო პრაგმატულ პასუხს მოითხოვს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატებში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების არსებობს შესახებ.
გია ვოლსკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელს ვერ დაეთანხმება, რომ ამ განცხადების გამო ელჩი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოწვეული.
”არ დავეთანხმები თინა ხიდაშელს, იმდენად, რამდენადაც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს არა სიმწვავის კატეგორიის მიხედვით, არამედ რეალობის ანალიზის მიხედვით. ჯერ ვთქვათ რა განცხადება გააკეთა გეგეშიძემ - ჟურნალისტი ეკითხება, მთავრობაში რომ არიან პრორუსულად განწყობილი ძალები, ამაზე რა აზრის ხართო - არჩილს ალბათ პოლიტიკური რომანტიზმი გვერდზე უნდა გადაედო და შეეფასებინა სიტუაცია, მაშინ პასუხი სხვა იქნებოდა. მან იგულისხმა, რომ არის პლურალიზმი და შეიძლება სისტემაში ვიღაცა მუშაობდეს და ჰქონდეს პრორუსული განწყობა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებდეს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არასწორია კონტექსტიდან მხოლოდ ამ პასუხის ამოღება, ვინაიდან მთლიანად ინტერვიუს წაკითხვის შედეგად ყველა დარწმუნდება, რომ კორესპოდენტს აქვს ეს დამოკიდებულება და არჩილ გეგეშიძე ამ დამოკიდებულების ნიველირებას და გაშალაშინებას ცდილობს.
”ჩემი აზრით, უფრო მკაფიო პასუხი უნდა ყოფილიყო და შესაძლოა უკეთესიც იქნებოდა ინფორმაციის არარსებობისთვის გაესვა ხაზი, რადგან პროვოკაციული შეკითხვა ელჩისგან უფრო პრაგმატულ პასუხს მოითხოვს”, - აღნიშნა ვოლსკიმ და დასძინა, რომ ელჩის გამოწვევა-არგამოწვევის საკითხი მინისტრის კომპეტენციაა.
”ნებისმიერი ელჩის საქმიანობა უპირველეს ყოვლისა, ფასდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობით. ასე, რომ თუ ვიგულისხმებთ, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარისხი მაღალია, ეს ელჩის დამსახურებაა, თუმცა თავის კომენტარებში და განცხადებებში მას გაცილებით მეტი პრაგმატიზმი და ყურადღება მართებს”, - აღნიშნა დეპუტატმა.
ვოლსკის თქმით, ის ელჩს ამ განცხადებას უწუნებს, თუმცა რაც შეეხება თანამდებობის დატოვება-არდატოვების საკითხს, დეპუტატი განმარტავს, რომ სამინისტროს ელჩთან შესაძლოა შენიშვნები ჰქონდეს.
”არ წარმოადგენს ეს ინტერვიუ დიდ აღმოჩენას, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში შეიძლება მუშაობდეს ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, მაგრამ განწყობა აქვს პრორუსული, ეს არ უნდა იქცეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უცნაური სიტუაცია შეიქმნება. ადამიანები სტანდარტებში უნდა ჩასვა და აფიქრებინო ისე, როგორც ხელმძღვანელი ფიქრობს, მაგრამ თუ ეს ადამიანი გადაწყვეტილებებს არ იღებს, თუმცა ამ განწყობებით შესაძლოა ზარალი მიაყენოს ქვეყანას, ამის ალბათობა ელჩმა დაუშვა პასუხში და მე ვფიქრობ, არჩილს არანაირი საფუძველი ამ განცხადების, არ გააჩნდა”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.