საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტისგან, რომელიც ხვალ ვარშავაში გაიხსნება, ძალიან კონკრეტული მოლოდინები აქვს.
ჯანელიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, სათანადოდ იქნება შეფასებული.
"ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ პერიოდში და ასევე, შემუშავებული იქნება ნაბიჯები და ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, უფრო მეტად დაგვაახლოებს ალიანსთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს. ეს არის პრაქტიკული გზები, რომელთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ სამიტის ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს სამიტი ვარშავაში, 8-9 ივლისს გაიმართება. ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის დაგეგმილი ღონისძიებები NATO-მ 30 ივნისს დააანონსა.
ალიანსის ცნობით, NATO გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას, რათა მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ.
ასევე NATO გააძლიერებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის, დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტით. ის გააძლიერებს NATO-საქართველოს არსებით პაკეტს.
ალიანსი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.