თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადება არანაირ მინიშნებას, ან საფრთხეს არ შეიცავდა.
მისი თქმით, ოპოზიციური ძალების განცხადებები არ გამართლდა.
"ქერის ჩამოსვლამდე ვაკვირდებოდი, რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციური ძალები. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ პირველი თემა იქნებოდა "რუსთავი 2", მეორე - "ნაციონალური მოძრაობის" პრეტენზიები პოლიტპატიმრებთან და საარჩევნო "დაძაბულობასთან" დაკავშირებით. ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობდა, საკუთარი ინტერესები გაეყიდა და მოსახლეობა დაეჯერებინა, რომ ქერი ჩამოდის იმისთვის, რომ "რუსთავი 2" და მედიის თავისუფლება რისკის ქვეშ არისო. თქვენ ნახეთ, რომ მისი ვიზიტის ფარგლებში, არც ერთი მინიშნება არ ყოფილა არც "რუსთავი 2"-ზე, არც "ნაციონალურ მოძრაობაზე", არც სხვა ოპოზიციურ ძალაზე. ყველას, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, აქვს ჩვეულებრივი განცდა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები. იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ამ ქვეყანაში დემოკრატული პროცესი შეფერხდეს, ან რაიმე ისეთი ძვრა მოხდეს, რომ ამან შეშფოთება გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოებაში, არ არსებობს", - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "2030"-ში სტუმრობისას.
მისი თქმით, "პოლიტიკურ მარაზმშია გადავარდნილი ოპოზიციური ძალების განცხადებები".
"ცდილობენ, რაღაც წინადადებას ყველაფერი მიაბან, რაც სურთ. ეუთო-ს სამიტზეც გიგი წერეთლის კანდიდატურა ჩაუვარდათ და ტრაგედიის განცდებში არიან. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები არა ვინმესთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ჯონ ქერიმ საქართველოში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი იქნება საქართველოსთვის.