"ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკომიტეტო განხილვა სექტემბრის დასაწყისისთვის დასრულდება"

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის პროცესის საკომიტეტო განხილვა სექტემბრის დასაწყისისთვის დასრულდება.

როგორც 2030.news-ს საბანაძემ განუცხადა, ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს ორი კომიტეტი; მთავარი, გადაწყვეტილების მიმღები არის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE), სადაც მოსმენა გაიმართა ორშაბათს, 4 ივლისს.

მისივე თქმით, შედგა ძალიან პოზიტიური განხილვა, ყველა გამომსვლელმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

„ახლა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის საკანონმდბელო ინიციატივასთან დაკავშირებით შესწორებები უნდა შეიტანონ, რისთვისაც ვადა 14 ივლისამდე არის განსაზღვრული. ამის პარალელურად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო დასკვნა, რეკომენდაცია, რომელშიც მოუწოდა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივა“,-აღნიშნა საბანძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.