საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის განცხადებები მიუღებელია როგორც მისთვის, ისე მთავრობისთვის.
ჯანელიძის თქმით, ამ საკითხზე რეაგირება ელჩთან შეხვედრის შემდეგ ექნება.
"რა ფორმითაც ვიხილეთ ელჩის ინტერვიუ, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია არამარტო სამინისტროსთვის, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრისთვის და მთავრობისთვის. ველოდებით ელჩისგან შესაბამის განმარტებებს, და ამის შემდეგ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა ჯანელიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "ქრონიკაში" სტუმრობისას.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა "ნეტგაზეტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა.