ქერიმ

ქერიმ "რესპუბლიკელებს" წარმატებები გვისურვა

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა NATO-ს ვარშავის სამიტის წინ.

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ვარშავის ვიზიტის წინ. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა იმის, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას, უკეთ ჩავერთოთ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბევრი სხვა - ეკონომიკის აღორძინების, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ისიც სიმბოლური იყო, რომ აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელი, საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს შეხვდა.

"ჩვენ ამ თემებზეც ვისაუბრეთ შიდა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ორივე ქვეყანაში სეიროზული პროცესებია, არჩევნებია. მე მას ამერიკაში ვუსურვე "დემოკრატებს" წარმატებები, მან საქართველოში "რესპუბლიკელებს" გვისურვა წარმატებები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

სახელმწიფო მდივანი თბილისში 6 ივლისს ჩამოვიდა. ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს. დაესწრო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარულ სხდომას, რომლის შემდეგაც გაფორმდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლის მემორანდუმი - ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში ქერი შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.