ვარშავის სამიტის წინ ჯონ კერის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აეროპორტში განაცხადა, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.
”აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ დროს - ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს გვერდით დგას აშშ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გზავნილი იყო ძალიან მკაფიო - საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო ფორმატებში. ასევე გზავნილი იყო აშშ-ს მხრიდან, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე მხარდაჭერა და კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ამის დასტურია ის მემორნადუმი, რომელიც გუშინ გაფორმდა”, - განაცხადა ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველო დატოვა. ჯონ კერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააცილეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა.
კერი საქართველოს გუშინ დილით ეწვია. მან გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სხდომა, დღეს კი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და ორი ოპოზიციური პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს.