პრემიერი:  რიგ რაიონებში დაუკანონებელი მიწების პრივატიზების ხელშეწყობა მოხდება

პრემიერი: რიგ რაიონებში დაუკანონებელი მიწების პრივატიზების ხელშეწყობა მოხდება

მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებში, დაუკანონებელი მიწების პრივატიზების ხელშეწყობა მოხდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე, ფიზიკურ პირთათვის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამას განიხილავენ.

"მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებს, ის მიწის რეფორმა, რომელიც გატარდა 90-იანი წლების ბოლოს, არ შეხებია და ჩვენ ვფიქრობთ, ეს გარკვეული უსამართლობა გამოსასწორებელია, ამიტომ, საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავის და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე.

ამ რაიონებში ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების დაკანონებისთვის იქმნება სპეციალური ჩარჩო, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ რაიონებში მაცხოვრებელთათვის, ვინაიდან ამ მიწებზე ლეგალური მფლობელობის შემთხვევაში, მათ ექნებათ ამ საკუთრების ბრუნვაში მიქცევის საშუალება, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და რეგიონების მაცხოვრებელთათვის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერმა.