ველოდებით ქალბატონ წულუკიანს, როდის დაგვდებს პატივს და დაგვარეგისტრირებს

ველოდებით ქალბატონ წულუკიანს, როდის დაგვდებს პატივს და დაგვარეგისტრირებს

ხალხი ტყუილებით დაიღალა და დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ დიდი გულგატეხილობა შეინიშნება, განაცხადა ”ახალი საქართველო”-ს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა 2030-ში.

„ჩვენი მთავარი გზავნილია, არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ახლით შეიცვალოს. იმისთვის, რომ ტყუილები წარსულს ჩაბარდეს, საქართველოს ახალი პოლიტიკური კლასი სჭირდება“, - განაცხადა ვაშაძემ.  

მისი თქმით,  ”ახალი საქართველოს” ეკონომიკური განვითარების კუთხით სრულიად განსხვავებული მოდგომები აქვს.

„ჩვენი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ვიტყვით მხოლოდ რეალურს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. ეკონომიკური განვითარების კუთხით სრულიად განსხვავებული მოდგომები გვექნება და არა ის სტანდარტული მიდგომები, რასაც პარტიები ერთმანეთისგან აკოპირებენ. თავს ავარიდებთ კონკრეტულ დაპირებებს, რომ პენსია ამდენი ლარი და ის ამდენი თეთრი. ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, როგორ გავზრდით ეკონომიკას, შევქმნით სამუშაო ადგილებს, მოვიზიდავთ ინოვაციურ ბიზნესს და ინვესტიციებს. ჩვენ ბიუროკრატიის მაქსიმალურად შემცირება და საჯარო სექტორში სრულიად ახალი თაობის ინოვაციური მენეჯმენტი გვჭირდება“, - განაცხადა განაცხადა ”ახალი საქართველო”-ს ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.

„ჩვენ ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ. დაღლილს ვერ გვნახავთ; იდეები არ გვაკლია; ვიცით, ქვეყანა ფეხზე როგორ დავაყენოთ, რასაც ძალიან ჯანსაღ ძალებთან ერთად აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მათ რეგისტრაცია დღემდე არ გაუვლიათ.

“დღემდე რეგისტრირებული არ ვართ. ველოდებით ქალბატონ წულუკიანს, როდის დაგვდებს პატივს და დაგვარეგისტრირებს. იმედი მაქვს, ჩვენი რეგისტრაციის პროცესი აღარ გაიწელება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს, სხვა გზას მივმართოთ, საპროტესტო აქციები დავიწყოთ ან რაღაც. ძალიან არ მინდა, საარჩევნო კამპანია ამით დავიწყოთ და ველოდებით რეგისტრაციას. ხელმოწერებში რაღაც წერტილ-მძიმეებში გვედავებოდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად დამატებითი ხელმოწერები უკვე მივუტანეთ და  იმედი მაქვს, რეგისტრაციას ხვალ მაინც მოგვცემენ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.