ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში პირველად მიიღო მონაწილეობა

ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში პირველად მიიღო მონაწილეობა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ბარაკ ობამამ ყოფილ სახელმწიფო მდივანს პრეზიდენტობის თანამდებობაზე ყველაზე კომპეტენტური კანდიდატი უწოდა.

ბარაკ ობამა ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ მიტინგზე ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში გამოვიდა სიტყვით. პოლიტიკოსები ქალაქში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩავიდნენ.

"მე დღეს აქ ვარ, რადგან მჯერა ჰილარი კლინტონის. ამ დრომდე არასდროს ყოფილა ქალი ან მამაკაცი, რომელიც ამ თანამდებობისთვის უფრო კომპეტენტური იქნებოდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამას ჰილარი კლინტონის მთავარი მეტოქის, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის სახელი არ უხსენებია, თუმცა აშკარა იყო, რომ პრეზიდენტი სწორედ ამერიკელ მილიარდერს გულისხმობდა.

"მე ვიცი, რომ ერთი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ამერიკას კვლავ აქცევს დიდ ქვეყნად. ამერიკა ისედაც დიდია. ეს არის არჩევანი იმას შორის, გამოეკიდო გამოგონილ წარსულს და გადადგა ნაბიჯი მომავლისკენ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატს ოფიციალურად 25-28 ივლისს ფილადელფიაში დაგეგმილ ყრილობაზე დაასახელებს.