შეფასების სისტემების წიგნებში წერია, თუ შენ ისე გააკეთე სისტემა, რომ ბევრი ჩაიჭრა, ცუდი სისტემა გაგიკეთებია

შეფასების სისტემების წიგნებში წერია, თუ შენ ისე გააკეთე სისტემა, რომ ბევრი ჩაიჭრა, ცუდი სისტემა გაგიკეთებია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს სქემის დახვეწის პირობას აძლევს. განათლების მინისტრი მასწავლებლებს პედაგოგების შეფასების სისტემაზე გუშინ გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.

”შეფასების სისტემებზე ასეთი კარიკატურა იყო - კაცი ზის მაგიდასთან და წინ უდგას რამდენიმე ცხოველი, ესენია: მგელი, სპილო, მაიმუნი, აკვარიუმში თევზი, გველი. კაცი ეუბნება, რომ დღეს ჩვენ გვაქვს გამოცდა ხეზე ასვლაში. ძალიან კმაყოფილები ჩანან გველი და მაიმუნი, ძალიან უკმაყოფილოები ჩანან სპილო, თევზი და მგელი. მე ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით მასწავლებლის შეფასების სისტემა, რომელიც ათასნაირ მასწავლებელს აფასებს ერთნაირად, ხეზე ასვლით. რატომ არის სისულელე? - იმიტომ არის სისულელე, რომ კორპორატიულმა სამყარომ, ბიზნესმა, ასეთი შეფასების სისტემები 30 წლის წინ ჩამოწერა და თქვა, რომ არ მუშაობს. განა ცუდია, უბრალოდ, შედეგს არ გვაძლევს. რაც მოვედი, პირველივე დღიდან მეკითხებიან: გააუქმებ სქემას, თუ არა გააუქმებ? პირობას გაძლევთ, რომ არ გავაუქმებ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ დავხვეწავ”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, სქემაში უნდა იყოს რამდენიმე მიმდინარეობა.

”შეფასების სისტემების რომელიმე თანამედროვე წიგნი ვინმემ რომ გადაშალოს, იქ წერია, თუ შენ ისე გააკეთე სისტემა და ბევრი ჩაიჭრა, მერე რა წერია იცით? - ცუდი სისტემა გაგიკეთებია. ასეთი ძალიან მარტივი რამეა. არ ვიცი, ვიღაცამ არ იცოდა ან არ უნდოდა რომ ცოდნოდა, ეს ცალკე საკითხია და ამას არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ რაღაცა შეფასების სისტემა აუცილებლად უნდა იყოს, მეორე ფაქტია, სისტემას უნდა ჰქონდეს ეს განშტოებები, რომ ჩვენ სპილოები არ შევამოწმოთ ხეზე აძრომაში, თევზები არ შევაჯიბროთ სირბილში და მაიმუნები წყალში ყვინთვაში. ყველას ჰქონდეს საშუალება თავი გამოიჩინოს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს გუშინ შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც დაახლოებით 700 მასწავლებელი ესწრებოდა.