გალის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას საქმეში ბრალდებულის საკითხს დააყენებენ

გალის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას საქმეში ბრალდებულის საკითხს დააყენებენ

დღეს, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეში ბრალდებულის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებენ.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, სოხუმი ქართული მხარისგან დამატებით მასალებს ითხოვს. 

”პროცესი დინამიურად გრძელდება, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ხელშესახებ შედეგებს ვაღწევთ, მაგრამ თითონ ის, რომ ჟენევის ფორმატში ჩვენ სერიოზულად ავწიეთ მკვლელობის თემა - ხურჩაში მომხდარი ფაქტი, ამან განაპირობა ის, რომ თითონ სოხუმშიც ამაზე აქტიურად დაიწყეს მსჯელობა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს არ არის ის, რასაც ჩვენ მოველოდით”, - განაცხადა ყოლბაიამ.

მისივე თქმით, არსებობს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

”ჩვენ გავაძლიერებთ მოთხოვნას შეხვედრაზე, რომელიც 6 ივლისს ჩატარდება. სოხუმი რატომღაც აპელირებს იმაზე, რომ ქართული მხარის მხრიდან ითხოვენ დამატებით მასალებს, რომ უფრო კონკრეტული მსვლელობა მიეცეს გამოძიებას”, - განაცხადა ყოლბაიამ და ამ კონტექსტში გვამის ექსჰუმაცია დაასახელა. 

კითხვაზე, არის თუ არა ამაზე ოთხოზორიას ოჯახი თანახმა, ყოლბაიას თქმით, ეს მისი პირადი მოსაზრებაა, რომელიც არავისთან შეუთანხმებია, 
”რასაც გეუბნებით ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომელიც არავისთან შემითანხმებია. იქნება თუ არა ოჯახი თანახმა და რამდენად საჭიროა გვამის გაკვეთა, ესეც საკითხავია. ამიტომ არის მომენტები, რომლის გარეშეც სოხუმის ე.წ. სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ემყარება ობიექტურ მოვლენებს და ეს კიდევ არის ის ვიდეოფირი, რომელიც არსებობს”, - განაცხადა ყოლბაიამ. 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. 
”ჩვენ, ფაქტობრივად, დღემდე არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია. პირიქით, არის ინფორმაცია, რომ ეს პირი არ არის დაკავებული. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც არა მარტო ქართულ მხარეს ჰქონდა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობასაც და ჟენევაში ჩვენ ვიყავით ერთსულოვანი ამ მოთხოვნაში. აუცილებელია, რომ მკვლელი დაისაჯოს. ჩვენ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, გალში 27 მაისს გამართული პირველი შეხვედრა, რომელიც საგანგებო რეჟიმში გაიმართა, მხოლოდ გიგა ოთხოზორიას მკველობის საკითხს უკავშირდებოდა. 

”მე მგონი ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს არის მაღალი მნიშვნელობის საკითხი, განსაკუთრებით იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც გულისხმობს კონკრეტული დამნაშავის დასჯას და შემდგომში მსგავსი უბედურების თავიდან აცილებს. ჩვენი მოთხოვნა უკვე გაჟღერდა წინა შეხვედრაზე, ის, რომ პირი დაკავებული და ასევე გადმოცემული უნდა იყოს ქართული მართლმსაჯულებისთვის. ჩვენთვის ეს არის მაღალპრიორიტეტული საკითხი და ეს მოთხოვნები არ შეიცვლება 6 ივლისის შეხვედრაზეც, რადგანაც შედეგი ჯერჯერობით მიღწეული არ არის”, - განაცხადა ციხელაშვილმა. 

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.