დიდუბის რაიონში ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

დიდუბის რაიონში ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

წერეთლის  N55-ში ფოთლოვანი ხის განზრახ დაზიანების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს დიდუბის  რაიონის გამგეობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლებმა.

მოსახლეობის განცხადებით,  ხე გახმობის მიზნით სპეციალურად არის დაზიანებული. ხე-მცენარეს ფესვიდან 1.50 სანტიმეტრის სიმაღლეზე, 23 სანტიმეტრის სიგანით შემოცლილი აქვს ქერქი. მცენარის გადასარჩენად სპეციალისტების მხრიდან ყველა შესაძლო ღონისძიება გატარდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ  დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, გამგეობის გამწვანების სპეციალისტი და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილების თანამშრომლები.

ანალოგიური შემთხვევა დიღმის ტყე-პარკში 4 თვის წინ დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, დაზიანებული ფოთლოვანი ხეების გადარჩენა მოხერხდა.

თბილისის მერიამ მცენარის განზრახ დაზიანების ფაქტის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა.