რეზოლუციის პროექტი ”კონფლიქტი საქართველოში” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებულ პროექტზე გაცილებით მძაფრია

რეზოლუციის პროექტი ”კონფლიქტი საქართველოში” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებულ პროექტზე გაცილებით მძაფრია

რეზოლუციის პროექტი ”კონფლიქტი საქართველოში” ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებულ პროექტზე გაცილებით მძაფრია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოში საქართველოს წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ეუთოს პოლიტიკური კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს "კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა.

"ამ რეზოლუციაში ასახულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივასთან, მწვავე საკითხებთან, მათ შორის კონფლიქტებთან მიმართებაში. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ რეზოლუციამ, ყველაფერი, რაც აქ არის ჩაწერილი, არის ჩვენი სამოქმედო გეგმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნებისმიერ ფორმატში აქტიურად, რომ მოვახდინოთ იმის რეალიზება, რაც რეზოლუციაში ჩავწერეთ - უკვე ჩვენზეა დამოკიდებული", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მიღებული დოკუმენტი მიანიშნებს, რომ უნდა "ვიმუშაოთ მეგობარ ქვეყნებთან ერთაფ მისი რეალიზებისთვის".

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის სამმა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.

რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. საბოლოოდ დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გავა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება.

რეზოლუციის პროექტში, სახელწოდებით ”კონფლიქტი საქართველოში” ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას. ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.