რატომ არ უნდა მივცეთ ადამიანებს საშუალება გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი და შეხვდნენ ნათესავებს

რატომ არ უნდა მივცეთ ადამიანებს საშუალება გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი და შეხვდნენ ნათესავებს

რატომ არ უნდა მივცეთ ადამიანებს საშუალება, სულ მცირე, გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, შეხვდნენ ნათესავებს და იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით? - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინმა განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

„შეიძლება, ზოგიერთ ნაწილში, ეს რეზოლუცია მეტისმეტად ხისტია რუსეთისთვის, მაგრამ მასში არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტები. მე, როგორც სპეციალური მომხსენებელი სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, ბედნიერი ვარ, რომ რეზოლუცია შეეხო ჰუმანიტარულ საკითხებს და იმ ადამიანების ცხოვრებას, რომელიც განადგურდა ამ ბორდერიზაციით. ჩემი მხრივ, მინდა პატარა ისტორია მოვუყვე დელეგატებს, რომელიც საქართველოში წინა ვიზიტის დროს შევიტყვე. სოფელ ხურვალეთში მოხუცი კაცი პრაქტიკულად მოწყვეტილი იქნა თავისი შვილის და ნათესავებისგან. სოფელი ორად გაიყო მავთულხლართებით. მისი მეუღლე ავადაა და არ შეუძლია წამლების თავისუფლად მიღება. გლობალური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, ადამიანების ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია. არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ძალიან ადვილად შეგვიძლია. რატომ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება, სულ მცირე, გადაკვეთონ ადმინისტრაციული საზღვარი, შეხვდნენ ნათესავებს და იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით. შეიძლება, დიდი საკითხები გადაწყდეს, როცა დავიწყებთ პატარებთან გამკლავებას“, - განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, 17 პუნქტისგან შედგება. რეზოლუციის პროექტში, სახელწოდებით ”კონფლიქტი საქართველოში” ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას. ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.