ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელებენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის საკითხთა კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე, საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის განხილვა და მასზე დებატები იგეგმება. არსებული ინფორმაციით, პროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

როგორც ჟურნალისტებს დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განუცხადა, საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენილ დოკუმენტში ყველა ის მწვავე საკითხია შეტანილი, რომელიც დაკავშირებულია ”ჩვენს დიდ მეზობელთან ურთიერთობებთან”.

“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ეხება 2008 წლის ომს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მკვლელობებს, გატაცებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვხვდებით დელეგაციებს და კულუარული ინფორმაციით ვიცი, რომ დელეგატთა უმრავლესობა ჩვენს რეზოლუციას მხარს უჭერს. რეზოლუციის პროექტში შეტანილია მხოლოდ სამი შესწორება - ისიც სტილისტური ან უმნიშვნელო პოლიტიკური ხასიათის. დაველოდოთ, როგორ გაიმართება დებატები. ჩვენი რუსი კოლეგები სიურპრიზების მომზადებაში გაწაფული არიან, რაც კიდეც შემოგვითვალეს ამ რამდენიმე ხნის წინ. ქართული დელეგაცია რეზოლუციის პროექტს ერთხმად დაუჭერს მხარს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის გავიდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.