სტოლტენბერგი - რუსეთისგან დიდი საფრთხე მომდინარეობს, თუმცა ნატო მოსკოვთან კონფრონტაციას არ ეძებს

სტოლტენბერგი - რუსეთისგან დიდი საფრთხე მომდინარეობს, თუმცა ნატო მოსკოვთან კონფრონტაციას არ ეძებს

რუსეთისგან დიდი საფრთხე მომდინარეობს, თუმცა ნატო მოსკოვთან კონფრონტაციას არ ეძებს, - განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

სტოლტენბერგის განმარტებით, ნატოს ვარშავის სამიტი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გადამწყვეტ მომენტში გაიმართება. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არაპროგნოზირებად სირთულეებსა და პრობლემებს აწყდებიან, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი რუსეთია, რადგან საზღვრების გაფართოების მიზნით კრემლი ძალის გამოყენებას არ ერიდება. 

იენს სტოლტენბერგი ნატოს წინაშე არსებულ სხვა საფრთხეებზე საუბრისას ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზისა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ არასტაბილურობის შედეგი ძირითადად მასობრივ არეულობებში, ტერორისტულ აქტებსა და მიგრაციაში ვლინდება. 

ნატოს ვარშავის სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისისთვის არის ჩანიშნული, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამატებითი შეიარაღების განთავსების საკითხი გადაწყდება.