ლეხ ვალენსამ აშშ-ს იმ რუსული ავიაგამანადგურებლების ჩამოგდებისკენ მოუწოდა, რომლებიც ნატოს შეიარაღებას სახიფათო მანძილზე მიუახლოვდებიან

ლეხ ვალენსამ აშშ-ს იმ რუსული ავიაგამანადგურებლების ჩამოგდებისკენ მოუწოდა, რომლებიც ნატოს შეიარაღებას სახიფათო მანძილზე მიუახლოვდებიან

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს იმ რუსული ავიაგამანადგურებლების ჩამოგდებისკენ მოუწოდა, რომლებიც ნატოს შეიარაღებას სახიფათო მანძილზე მიუახლოვდებიან. 

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვალენსამ განაცხადა, რომ ავიამოიერიშეების მფრინავების მოკვლა დაუშვებელია, მათი ჩამოგდება კი ავიაგამანადგურებლების ფრთების დაზიანებითაც არის შესაძლებელი. 

ლეხ ვალენსა მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხისთვის მტკიცე პასუხის გაცემა მოსკოვთან ღია სამხედრო დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

„არანაირი კონფლიქტი არ მოხდება. რა კონფლიქტი? ეს არავის უნდა, განსაკუთრებით რუსეთს. მოსკოვს არ შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს, რადგან ეს საშინლად ძვირი დაუჯდება“, - განაცხადა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა. 
.
მიმდინარე წლის აპრილში პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთის სუ-24-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ბალტიის ზღვაში მდებარე ამერიკულ სამხედრო გემს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით, მისი თვითმფრინავები თავისუფალი საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით მოქმედებდნენ.