ბათუმში, ჯავახიშვილისა და აბუსელიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა დაშავდა. მეორე სართულზე კონსტრუქცია ჩამოიშალა და მის ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა განუცხადეს, ისინი ექიმებს ესაუბრნენ და დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
"50 წლამდე მამაკაცს ნეკნისა და ფეხის მოტეხილობა აქვს, ხოლო მეორეს, მენჯის ძვლის მოტეხილობა. დაშავებულები კონტაქტურები არიან და ექიმები ოპერაციის გაკეთებას მალე დაიწყებენ", - აცხადებენ ახლობლები.
შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.