ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა

თბილისში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიურ სესიაზე ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა.

სხდომაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი მირიეტა ტიდეი.

მისი განცხადებით, ურთიერთკავშირი გარემოს მდგომარეობას, ეკონომიკასა და უსაფრთხოებას შორის დღესდღეობით სულ უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

„იზრდება ტალღა ურთიერთდამოკიდებული მოვლენებისა, რომელიც შედეგია კორუფციის, ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობის, კლიმატის ცვლილებების, სასურსათო უსაფრთხოებისა და მიგრაციის, რამაც თავის მხრივ პროვოცირება გაუკეთა დესტაბილიზაციას ეუთოს რეგიონის მრავალ ნაწილში“, - აღნიშნა მირიეტა ტიდეიმ.

კლიმატურ ცვლილებებზე საუბრისას მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2015 წლის დეკემბერში, კლიმატის ცვლილებების პარიზის კონფერენციაზე 195 ქვეყნის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2020 წელს შევა, უნივერსალურია და შესასრულებლად სავალდებულო უნდა იყოს.

მირიეტა ტიდეის მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეუთო-ს სამდივნო სულ უფრო მზარდ ყუადღებას აქცევს კლიმატის ცვლილებების პრობლემას და კომპლექსური მიდგომებით ეუთოს ძალუძს დახმარება პოტენციური გამოწვევების შეფასებაში გარემოს დაცვის სფეროში, უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებში. აღნიშნულია აგრეთვე, რომ ასეთი საქმიანობისთვის და ადრეული შეტყობინების სფეროში პოტენციალის განვითარებისთვის, ორგანიზაციას ჭირდება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის შეთანხმებული მკაფიო მანდატი.

დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული მიგრაციის პრობლემებზე.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს სხვადასხვა დონეზე. აუცილებელია საჯარო დისკუსიის ფორმატში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ მიგრაცია არის თანამედროვე გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტის განუყრელი ნაწილი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში და საზოგადოების განვითარებაში. აუცილებელია შევხვდეთ და განვიხილოთ ჩვენთვის საერთო პრობლემები მიგრაციული პროცესების მართვის სფეროში და ვიპოვოთ მათი გადაწყვეტის ისეთი გზები, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი, სამართლიანი და მყარი. ამისათვის, კი აუცილებელია პოლიტიკური ნება და ღია დიალოგი“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მირიეტა ტიდეიმ, აგრეთვე ისაუბრა კორუფციის პრევენციაზე, საკვებისა და წყლის უსაფრთხოების საკითხებზე, ენერგეტიკაზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

მოხსენების შემდეგ, ეროვნული დელეგაციების წევრებმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს მათ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ უარყოფით მოვლენებზე და ზიანის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკოლოგიური მიგრაციის საკითხებზე, წყლის რესურსებსა და მისი დაბინძურებისგან დაცვის შესახებ, ორგანიზაციის როლზე არსებული პრობლემების შემცირების საქმეში, „მწვანე ეკონომიკის“ საკითხებზე, ფინანსური ბაზრების გავლენაზე, ნდობის გაძლიერებაზე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის, რაშიც მნიშვნელოვან როლს თანამშრომლობის საპარლამენტო ფორმატი ასრულებს.

გამოსვლების შემდეგ გაიმართა ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელის, მირიეტა ტიდეის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული დელეგაციების წევრების შესწორებების განხილვა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენიტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, გიორგი წერეთლის შეფასებით, ასეთ დიდ ფორუმზე საქართველოს წარმოჩენა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეუთო არის ორგანიზაცია, სადაც არ არის მხოლოდ ერთი განზომილება, არამედ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება: უსაფრთხოება, პოლიტიკური ნაწილი, ადამიანის უფლებები და რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს, ევროპული ეკონომიკა და მსოფლიოც შესაბამისად, ძალიან დატვირთულია პრობლემებით, მათ შორისაა როგორც სუფთა ფინანსური თემები, ასევე უსაფრთხოების საკითხები და მიგრაციის დიდი ტალღა - მილიონობით ადამიანია დევნილი. მათ სჭირდებათ ყურადღება, მათ ჭირდებათ დასახლება, მათ ჭირდებათ კვება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დიდ ტვირთად აწვება ეკონომიკას. ამიტომ, ამ რეზოლუციებში, ამ დისკუსიებში საუბარია სწორედ ამ საკითხებზე, თუ როგორ ავიცილოთ პრობლემები თავიდან, როგორ მოვახდინოთ პრევენცია, როგორ იყოს იმგვარად, რომ მეტი თანამშრომლობა არსებობდეს ქვეყნებს შორის.

საქართველოსთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს მეტ ქვეყანასთან ბმა, იყოს მეტი ეკონომიკური კავშირი, მეტი ინვესტიცია და თუნდაც ამ დებატების დროს მოხდეს საქართველოს ისე წარმოჩენა, რომ ის არ არის მარტო ის ქვეყანა, სადაც არის კონფლიქტი, არამედ არის ქვეყნა, რომელსაც აქვს ეკონომიკური პოტენციალი და კარგი მომავალი ევროპაში“,- განაცხადა გიორგი წერეთელმა კომიტეტის სხდომის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიმდინარე სესიის განმავლობაში ეკონომიკური, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის კიდევ სამი სხდომა გაიმართება. 4 ივლისს, კომიტეტი 2016-2017 წლებისთვის კომიტეტის ხელმძღვანელობას აირჩევს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.