სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი იყო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკლ მაკოლმა CNN-ს განუცხადა.
„ის სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის ნომერ პირველი მტერია. სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და „ისლამური სახელმწიფოს“ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებისთვის იყო პასუხისმგებელი“, - განაცხადა მაკოლმა.
მისივე ინფორმაციით, ჩატაევის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა“, - განაცხადა მაკოლმა.
როგორც CNN აღნიშნავს, გასულ წელს აშშ-ის ფინანსურმა უწყებამ აჰმედ ჩატაევი ტერორისტების სიაში შიეყვანა. უწყების ცნობით, ის გეგმავდა თავდასხმებს ამერიკულ და თურქულ ობიექტებზე.
თავის მხრივ, გაერო-ში იტყობინებიან, რომ ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენ მაიკლ მაკოლის ცნობით, ინფორმაცია აჰმედ ჩატაევის სტამბოლის ტერაქტთან კავშირზე აშშ-ს თურქეთის სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა, თუმცა თურქულ მხარეს ჩატაევის ტერაქტთან კავშირი ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია.