„ახალი საქართველო” საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატთა სიის ფორმირებას პრაიმერის გზით მოახდენს

„ახალი საქართველო” საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატთა სიის ფორმირებას პრაიმერის გზით მოახდენს

”სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო” საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატთა სიის ფორმირებას პრაიმერის გზით მოახდენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელმაც დღეს კანდიდატთა ღია შერჩევის პრინციპები და ამ კუთხით არსებული სიახლეები მოძრაობის წევრებს გააცნო.

”კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ვთავაზობთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ეს არის ღია შერჩევა კანდიდატების, როგორც სიის, ასევე მაჟორიტარების. მთავარი განმსაზღვრელი არის ის, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური კლასი და ამისთვის საჭიროა დაინერგოს კანდიდატების შერჩევის ახალი პრინციპები. ხალხმა უნდა შეარჩიოს ვინ უნდა იყოს მისი წარმომადგენელი პარლამენტში, რომ შემდეგ ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ მათ მიმართ. ასევე ვთავაზობთ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, თუ სურვილი აქვთ ერთობლივად ჩავატაროთ პრაიმერები. არანაირი კულუარული გადაწყვეტილებები. ადამიანმა, მოქალაქემ უნდა აირჩიოს თავისი წარმომადგენელი”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა პრაიმერში მიიღოს მონაწილეობა, იმ შემთხვევაში თუკი ის წარადგენს ხელმოწერებს იმ ოლქიდან, რომელსაც წარმოადგენს.