ეს არ არის მეგობრული გაყრა, თუმცა ურთიერთობა არც სასიყვარულო რომანივით იყო

ეს არ არის მეგობრული გაყრა, თუმცა ურთიერთობა არც სასიყვარულო რომანივით იყო

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის გაყრა არ არის ნებაყოფლობითი, მაგრამ პროცესი სწრაფად უნდა გაგრძელდეს.

აღნიშნული განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთ-ერთი გერმანული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.

"ეს არ არის მეგობრული გაყრა, მაგრამ ურთიერთობა არც სასიყვარულო რომანივით იყო. ეს ცუდია როგორც ბრიტანეთისთვის, ისე ევროკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა. არ მესმის, რატომ უნდა მოითმინოს ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოქტომბრამდე, რომ გადაწყვიტონ, გააგზავნონ თუ არა განცხადება გასვლის თაობაზე ბრიუსელში. ვისურვებდი, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% – მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.

დიდ ბრიტანეთში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს. მათ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას უკვე მოაწერეს ხელი.