ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის გაუფასურებამ და ევროს შესაძლო გაუფასურებამ ქართულ საზოგადოებაში პანიკა არ უნდა გამოიწვიოს

ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის გაუფასურებამ და ევროს შესაძლო გაუფასურებამ ქართულ საზოგადოებაში პანიკა არ უნდა გამოიწვიოს

ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის გაუფასურებამ და ევროს შესაძლო გაუფასურებამ ქართული საზოგადოება პანიკური შიშით არ უნდა მოიცვას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განუცხადა .

როგორც ლევან კალანდაძემ აღნიშნა, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე დღეს უკვე აისახა და ის დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა.

”საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გარკვეული რისკები და გამოწვევები ევროპულ ეკონომიკას, მათ შორის, ევროსაც ექნება და არ არის გამორიცხული, რომ ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასურდეს კიდეც. ზოგადად, დოლარის გამყარება ქართულ ეკონომიკაზე ყოველთვის აისახება, რადგან ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, გვაქვს მცურავი კურსი. აქედან გამომდინარე, დოლარის კურისის ცვლილებამ შეიძლება გარკვეული კორექტირება მოახდინოს ლარის კურსისაც, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ამ გამოწვევას, ახალი წონასწორობის ნიშნულის მოძებნას, პანიკურად და შიშით არ უნდა შევხვდეთ. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. კურსის კორექტირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად ყოველთვის ხდება, ადგილი აქვს ხოლმე გარკვეულ გაუფასურებას, რასაც შემდგომ გამყარება მოსდევს”, - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენად ადეკვატური იქნება ამ გამოწვევებისა და რისკებისადმი საქართველოს ხელისუფლება.

”უმთავარესი არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში ხელოვნურად არ უნდა ჩავერიოთ, ხელოვნური ინსტრუმენტების გამოყენება პირიქით, უფრო აზიანებს ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესს, ვიდრე რაიმე სარგებელს აძლევს. აქედან გამომდინარე, მოლოდინები უნდა გვქოდნეს ყოველთვის რაციონალური და პრაგმატული. გარკვეული აჟიოტაჟი ამას არ უნდა მოჰყვეს. ის, რომ ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა და შეიძლება ევროც გაუფასურდეს, ამან ქართული საზოგადოება პანიკური შიშით არ უნდა მოიცვას”, - განაცხადა კალანდაძემ.

ამასთან, ექსპერტის შეფასებით, საქართველოში პროცესები არის საკმაოდ მართვადი. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი პრინციპში გაუმჯობესებულია.

”მიმდინარე წელს სავალუტო შემოდინებები არის პოზიტიური, ასევე დარჩენილ პერიოდში მოლოდინები საკმაოდ კარგია. ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკაც თანმიმდევრულად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის მცირედი ცვლილებები და კორექტირებები დასაშვებია და რაც მთავარია, ეს არის დროებითი. მცირედ გაუფასურებას, კვლავ შეიძლება მოჰყვეს ლარის გამყარება და მგონია, რომ ფინანსური სტაბილურობის კუთხით ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ნორმალური მდგომარეობაა და ამ თვალსაზრისით ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება”, - განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2941 ლარი გახდება.