ევროკავშირი უფლებას არ მისცემს ბრიტანეთს, საერთო ბაზრით ისარგებლოს

ევროკავშირი უფლებას არ მისცემს ბრიტანეთს, საერთო ბაზრით ისარგებლოს

ევროპალრამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის განცხადებით, ევროკავშირი უფლებას არ მისცემს ბრიტანეთს, საერთო ბაზრით ისარგებლოს.

მისი თქმით, რადგან ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის საერთო ბაზრით სარგებლობაზეც უარს აცხადებს.

"გასვლა ნიშნავს გასვლას. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაა, ევროკავშირი დატოვოს და გამოდის, რომ ის საერთო ევროპული ბაზრიდანაც გადის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს რაციონალური გადაწყვეტილებაა. ეს ემოციური გადაწყვეტილებაა", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის პატივს სცემს ბრიტანელების არჩევანს, მაგრამ თვლის, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.

"დიდ ბრიტანეთს არასდროს დაუკარგავს დამოუკიდებლობა. ის არ შედის შენგენის ზონაში, არ შედის ევროზონაში. სწორედ ბრიტანეთი მოითხოვდა ყოველთვის - არ ყოფილიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ერთადერთი სფერო, სადაც ისინი სრულუფლებიანი წევრები იყვნენ, ეს საერთო სავაჭრო ზონაა და დღეს მათ ეს კავშირი გაწყვიტეს. დაპირებები, რომ მხოლოდ ბრიტანეთი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, - ზღაპარია", - აღნიშნა მარტინ შულცმა.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შემდეგ, დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

ქემერონის შეფასებით, არასწორია იყო იმ გემის კაპიტანი, რომელსაც ქვეყანა სხვა მიმართულებით მიჰყავს.

ცნობილია, რომ წინასარეფერენდუმო კამპანიის დროს, პრემიერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შედეგებით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% – მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირში დარჩენის მომხრეა შოტლანდიის მოსახლეობის 67,2% და ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის 56%.