არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან პოლიციელთა განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიჟება მოხდება

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან პოლიციელთა განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიჟება მოხდება

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან პოლიციელთა განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიჟება მოხდება, - ასე ხედავს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე.  კანონპროექტს ”თავისუფალი დემოკრატები” მხარს არ დაუჭერენ.

”პროექტით არ არის განსაზღვრული რა ტერიტორიას მოიცავს ”მიმდებარე ტერიტორია”. გადაწყვეტილებას მიიღებს თავად პოლიცია, სად განთავსდეს, რა მოცულობითა და რაოდენობით განთავსდეს. ეს გვაძლევს სურათს, რომ საარჩევნო პერიოდში - არჩევნების დღეს პოლიციას შეუძლია დაიკავოს მთელი ქვეყნის ტერიტორია, განსაკუთრებით საარჩევნო უბნების სიახლოვის ტერიტორია, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარების განცდას არ შექმნის”, - განაცხადა შავგულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს, “სისხლის სამართლის კოდექსში“ და საარჩევნო კანონმდებლობაში ხორციელდება.

საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა, სხვაგვარი ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

აღნიშნული დანაშაული ჯარიმით ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო თუ იგივე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია - სამი და 2-დან 5-წლამდე ვადით განისაზღვრება.

ცვლილებების ფარგლებში დაგეგმილია სანქციის გამკაცრება ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა, ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში, პოლიციის მუშაკებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეთ.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.

გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.